ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დათო გოგუა “ქართული ოცნებიდან” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორედ გახდა. ის 2012 წლის დეკემბრიდან საჯარო პირია: 2012 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა ჩხოროწყუს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, 2014 წელს აირჩიეს გამგებლად, 2017 წლიდან კი ჩხოროწყუს მერია და ამდენად, ქონებრივი დეკლარაციაც გოგუას 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული.
ათივე დეკლარაციის მიხედვით, მას ოჯახის წევრები არ ჰყავს. აქვს რამდენიმე სახლი, მიწის ნაკვეთები, ასევე, ჰყავს მანქანა და შემოსავალს, საჯარო თანამდებობის გარდა, სოფლის მეურნეობიდანაც იღებს.
მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ჩხოროწყუს მერი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.
10-ჯერ შევსებულ დეკლარაციაში სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემები გაურკვევლადაა აღნიშნული. განსხვავდება შეძენის წელიც, გადახდილი ფასიც და ნაყიდი თუ მემკვიდრეობით მიღებული ნაკვეთის ფართიც კი.
ბოლო დეკლარაციით, რომელიც დათო გოგუას 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული, ის ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში ფლობს 2001 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 5180 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სადაც 240 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დგას. ამასთან, სხვადასხვა წლებში შეძენილი აქვს 5 უძრავი ქონება: ბათუმში, თბილისში და 3 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ამ ხუთიდან ბოლო ქონება ნაყიდი აქვს 2021 წელს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე – 35,88 კვ.მ ბინა, რაშიც 14 500 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. სწორედ ეს არის ერთადერთი ქონება, რომელსაც წინა დეკლარაციებში ჩამოთვლილ ქონებას ვერ შეადარებ და გაურკვევლობაც ამის გამო არ ჩნდება. სხვა დანარჩენი უძრავი ქონების შესახებ კი მონაცემები, რატომღაც, წლიდან წლამდე იცვლება და გაურკვეველია, რატომ ვერ დაითვალა ჩხოროწყუს მერმა საკუთარი ქონება ამ 10 წლის განმავლობაში.
მაგალითად, პირველი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2013 წელსაა შევსებული, მას სოფელ ნაფიჩხოვოში აქვს მემკვიდრეობით მიღებული 200 კვ.მ სახლი და 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2017 წლიდან ჯერ მიწის ნაკვეთის ფართობი მცირდება და ხდება 5180 კვ.მ, 2021 წელს კი სახლის ფართი 40 კვ.მ-ით იზრდება. გოგუამ მიწის ნაკვეთი გაასხვისა თუ უბრალოდ ფართობი დაზუსტდა, ეს დეკლარაციაში არ ჩანს.
ასევე, განსხვავებული მონაცემებია თბილისში, სამგორის რაიონში, ერთ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებაზე.
მაგალითად, ბოლო, 2022 წლის დეკლარაციაში წერია, რომ ჩხოროწყუს მერს 2013 წელს თბილისში, ემირ ბურჯანაძის I შესახვევში სულ რაღაც 12 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი 194 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც დგას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 155.1 კვ.მ.
2013 წელს შეძენილი ამ ქონების შესახებ სულ სხვა მონაცემები წერია 2017-2021 წლების დეკლარაციებში. ამ ხუთ დეკლარაციაში წერია, რომ გოგუას 2013 წელს თბილისში 60 000 აშშ დოლარად (და არა 12 000 აშშ დოლარად) უყიდია 155.1 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მისამართად მითითებულია წმ.ბარბარეს უბნის მიმდებარე ტერიტორია. 12 000 აშშ დოლარად კი 2011 წელს (და არა 2013 წელს) უყიდია 238 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, იგივე მისამართზე, წმ.ბარბარეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია 2019 წლიდან ემირ ბურჯანაძის შესახვევის დასახელებითაა.
უფრო ადრინდელ, 2013-2016 წლების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ჩხოროწყუს მერს თბილისში, წმ. ბარბარეს უბნის მიმდებარედ აქვს 360 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სხვა მონაცემები – ფასი, ყიდვის წელი თუ შენობა-ნაგებობის არსებობა, მითითებული არ არის. ეს მიწის ნაკვეთი 2017 წელს 238 კვ.მ ხდება, (122 კვ.მ-ით ნაკლები), ხოლო 2022 წელს კი საერთოდ 194 კვ.მ-მდეა შემცირებული. სად წავიდა ჯამში 166 კვ.მ მიწის ფართი, გაასხვისა ქონება თუ უბრალოდ არეულია მონაცემები, დეკლარაციით გაურკვეველია.
გარდა ამისა, ასევე გაურკვეველია ჩხოროწყუს სოფელ ნაკიანში ნაყიდი მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემებიც.
2022 წლის დეკლარაციით, ჩხოროწყუს მერს 2014 წელს სოფელ ნაკიანში სამი ნაკვეთი აქვს შეძენილი: 7000 ლარად – 4058 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 5000 ლარად – 2469 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 76.5 კვ.მ-ისა და 117 კვ.მ -ის განაშენიანების ფართით; და 8000 ლარად – 4275 კვ.მ ნაკვეთი 81 კვ.მ-ის განაშენიანების ფართით. ჯამში საუბარია 10 802 კვ.მ ნაკვეთზე, რომელშიც 20 000 ლარი აქვს გადახდილი.
2020-2021 წლებში შევსებულ დეკლარაციებში კი წერია, რომ 2014 წელს ჩხოროწყუს სოფელ ნაკიანში 3 კი არა, 2 მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი, 12 500 კვ.მ და 100 კვ.მ და გადახდილი აქვს არა ლარში, არამედ დოლარში – 6 500- 6 500 აშშ დოლარი.
დეკლარაციებში გაურკვევლობები აქ მთავრდება. ჩხოროწყუს მერი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, არ მიუღია საჩუქარი, რომლის ასახვაც დეკლარაციაში იყო აუცილებელი და არ ფლობს წილებს სამეწარმეო საქმიანობაში.
2022 წლის დეკლარაციით, ჰყავს 2017 წელს ნაყიდი მერსედესის ფირმის ავტომანქანა, რაშიც გადახდილი აქვს 12 000 ლარი.
2021 წელს აღებული აქვს 31 000 ლარის სესხი “ლიბერთი ბანკიდან”, რომელიც 2025 წლის მაისში უნდა დაასრულოს. 2021 წელს სესხის დასაფარავად გადახდილი აქვს 5 842,55 ლარი.
დეკლარაციის შევსების დღეს დათო გოგუას “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 2339,32 ლარი ჰქონდა. მას ანგარიშზე ასევე აქვს სახელფასო დანაზოგი – 11000 ლარის ოდენობით. ჩხოროწყუს მერს სახელფასო დანაზოგები წინა წლებშიც აქვს.
გოგუას ჩხოროწყუს მერის თანამდებობით 2021 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 25 567,2 ლარის შემოსავალი. ასევე შემოსავალი მიღებული აქვს სოფლის მეურნეობიდანაც, თხილისა და სიმინდის გაყიდვით – 16 500 ლარი. ჩხოროწყუს მერს სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი ყოველი წლის დეკლარაციაში აქვს აღნიშნული და 2013-2021 წლებში თხილისა და სიმინდის რეალიზებით ჯამში 122 500 ლარის შემოსავალი მიუღია.
დათო გოგუას მერის თანამდებობაზე ყოფნისას, 2017-2021 წლებში, 133 868 ლარის აქვს მიღებული. რაც შეეხება გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებულ ხელფასს, 2013-2016 წლებში ჯამში 135 150 ლარი აქვს მიღებული.
2016 წლის დეკლარაციაში გოგუას ასევე მითითებული აქვს, რომ 1600 ლარად ნოუთბუქი იყიდა. 2017 წლის დეკლარაციაში წერია, რომ იყიდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა 7500 ლარად. 2019 წელს წერია, რომ 5 500 ლარად უყიდია ავეჯი. ასევე, აღნიშნული აქვს, რომელ წელს რა რაოდენობის თანხა დახარჯა რემონტში.