2021 წელს მხოლოდ 648 ლარის შემოსავალი, შავი ქამარი და ლექსები – რისი პატრონია ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე

575

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2021 წლის 23 დეკემბრიდანაა. ის გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” წევრია. ჩხოროწყუ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მუნიციპალიტეტი იყო, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.

ჩხოროწყუში დაბადებული შოთა წურწუმია საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც პირველად შევასო.

დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე არ ფლობს არც სახლს, არც მანქანას, არ აქვს სესხი, არც ფასიანი ქაღალდები, არ მიუღია ფასიანი საჩუქრები და არც სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული.

33 წლის შოთა წურწუმიას დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე, დედა და ძმა. სახლი, სადაც ცხოვრობს, დედის და ძმის სახელზეა რეგისტრირებული.

დედის, იამზე კვარაცხელიას სახელზე 50%-იანი წილითაა გაფორმებული 1974 წელს მემკვიდრეობით მიღებული 8 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც მითითებული აქვს, რომ  რეგისტრირებული არ არის. მიწის ნაკვეთზე დგას 95 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ამ უძრავი ქონების მეორე, 50%-იანი წილის მფლობელია ძმა, შავლეგ წურწუმია.

შოთა წურწუმიას ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, 23 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 8 დღეში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 648,44 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს წურწუმიას, ამ 8-დღიანი ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი არ მიუღია.

დეკლარაციის შევსების დღეს მისი საბანკო ანგარიში ცარიელი იყო. დედა პენსიონერია და შვილის დეკლარაციის შევსების დღეს მის ანგარიშზეც არაფერი იდო. ასევე, ცარიელია დეკლარაციის ყველა სხვა ფურცელიც.

საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის ბიოგრაფია არ დევს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც, გაუმართაობის გამო, იშვიათად მუშაობს. წურწუმიას ბიოგრაფიიდან ცნობილია ის, რომ 2014-2017 წლებში იყო ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და პარალელურად, მუშაობდა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. საჯარო სამსახურში სხვა დროს არ უმუშავია. აქვს მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართალში, ასევე, კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მინიჭებული აქვს 1 დანი, (შავი ქამარი) და წერს ლექსებს, მათ შორის მეგრულ ენაზე.