მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერები არ შედგა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 2022 წლის 18 მარტს გამოაცხადა. თუმცა, 720 702 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, შესაბამისად, ელექტრონული ტენდერი არ შედგა და მერიას შესყიდვის გამოცხადება ხელთავიდან მოუწია.
მრიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მოსასვენებელი გამწვანებული სივრცეების შექმნა, სკამების დადგმა, სანაგვე ურნების განთავსება და გარე განათების დეკორატიული ლამპიონების დადგმა.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საპარკინგე სივრცე მოეწყობა. მერიის მარცხნივ განთავსებული საპარკინგე ზონა მერიის სტუმრებისათვის, უკანა მხარეს განთავსებული საპარკინგე ზონა კი თანამშრომლებისათვის იქნება განკუთვნილი.
„ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი მოიცავს: არსებული ბორდიურების, ქვაფენილის, ასფალტის საფარის, კიბის დემონტაჟს და ახალი ბილიკების მოწყობას ბაზალტისა და გრანიტის ბილიკებითა და ბორდიურებით, ახალი ასფალტის საფარის მოწყობას, ტერიტორიაზე მოხდება გამწვანებული ტერიტორიების განახლება – მრავალწლიანი ხე-ნარგავების დარგვითა და დამულჩირებით, მცენარეებზე გათვალისწინებულია დეკორატიული მინატების მოწყობა“. – აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ტენდერი, იგივე ღირებულებით, ხელმეორედ 18 აპრილს გამოაცხადა.
მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერისაგან განსხვავებით, მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების, 235 396 ლარის ღირებულების, ტენდერში ერთმა კომპანიამ შპს „ურიშიმ“ მიიღო მონაწილეობა. შპს „ურიშიმ“ ადგილობრივ თვითმმართველობას მერიის შენობის რეაბილიტაცია 199 000 ლარად შესთავაზა, მაგრამ ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
„ვინაიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ დოკუმენტებს/ინფორმაციას შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა, სატენდერო კომისია მსჯელობას აღარ განავითარებს პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ სხვა დაზუსტებულ დოკუმენტაციაზე. ოქმის განხილვის ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ ერთხმად დაადგინა, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს“. – აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში
თვითმმართველობამ მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის, კვლავ 235 396 ლარის ღირებულების, ტენდერი კიდევ ერთხელ, 21 აპრილს გამოაცხადა.