ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, რისთვისაც აუცილებელია, სკოლები და საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 240 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, მოგვიწევს 80 ახალი სკოლის აშენება, 220 სკოლის სრული და დანარჩენის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდი ლარი იქნება და ჩვენ 800-ვე სკოლას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ავაშენებთ და გავარემონტებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მდგომარეობაზე, რასაც მან კრიტიკული უწოდა.
„ასევე, ჩვენ შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია და ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.
ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში. ამისთვის აუცილებელია, სკოლები და საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.