პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რეგიონების წყალმომარაგებით უზრუნველყოფას გეგმავს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული პროექტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით დაფინანსდება და 2025 წელს ყველა ქალაქს 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება.
„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი და გადაუჭრელია. დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს და 24- საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით დაფინანსდება და 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალი ექნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ მელიორაციის პრობლემაც გადაიჭრება.
„2 დღის წინ ახმეტაში ვიმყოფებოდით და მოსახლეობასთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ არსებობს ძალიან დიდი სავარგულები, რომელიც არის დამუშავებული, მაგრამ წყალი არ აქვთ. ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია ქვეყანაში. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 3 წელიწადში 200 ათას ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.