პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება, როგორც თეატრების რეაბილიტაცია, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი და კულტურა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული სფეროა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, მათ შორის მინდა გამოვყო მუზეუმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომლის რეაბილიტაცია წელს დაიწყება, ეს არის ჩვენი სურვილი.
ასევე მინდა ვთქვა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ყველა ე.წ. მცირე ზომის, მინი სტადიონების სრულყოფილი რეაბილიტაცია-განახლება მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება 3 წელში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ 3-დან 5 წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსი უნდა ავაშენოთ, რათა ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.