ოზურგეთის მერიამ სარესტორნო მომსახურებისათვის 85 900 ლარი დახარჯა,- ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმციით, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ 85 900 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, ოზურგეთის მერიამ სარესტორნო მომსახურების შესყიდვაზე 71 ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დელეგაციასა და ჯგუფებს კვების ობიექტებში, საშუალოდ, თვეში 3-ჯერ მასპინძლობდა.
“მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა და სხვა მონაცემები.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად და სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
“აუდიტის ობიექტმა ნაწილობრივ ან/და საერთოდ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე, დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც თანხები „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან გაიცემა. თანხები ძირითადად ანაზღაურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ან/და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე.
აუდიტის რეკომენდაციაა, წარმომადგენლობითმა ორგანომ, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილია შეიმუშაოს შესაბამისი წესი/ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, შეძენილი საჩუქრების შემდგომი განკარგვისა და გადაცემის წესი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რომლებიც ხარჯებს საჯაროს და დასაბუთებულს გახდის.