ოზურგეთის მერიამ აავტომობილის 120-ლიტრიან ავზში ერთჯერადად 200 ლიტრი, 42 და 55-ლიტრიან ავზებში 80-80, 70- ლიტრიან ავზში 100, ხოლო 36-იანში 60 ლიტრი საწვავი ჩაასხა, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ოზურგეთის მერიამ ვერ წარმოადგინა ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტი. მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.
2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 10, ხოლო 2020 წელს 11 სამორიგეო ავტომანქანით, ასევე, 2019-2020 წლებში გამოიყენებოდა 105 ერთეული კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილი.
აუდიტი სამსახურისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა 482 900 ლარის ღირებულების საწვავი გახარჯა.
ამასთან, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემის მონაცემები. რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.
კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 30 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 84 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 5,636.9 ლიტრი საწვავი. (იხ. დანართი №4)
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. (იხ. დანართი №5)
გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები და გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის „ჩიპი“ მყარად არ იყო დამაგრებული ერთ და მოხსნილი იყო ოთხ ავტომანქანაზე.
“აქედან, სამი „ჩიპის“ ადგილმდებარეობა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაადგინეს. შესაბამისად, შესაძლებელია აგაი სისტემის „ჩიპის“ გამოყენება სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე.
“მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული „ჩიპის“ მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები; ასევე, საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად, შესაძლოა, განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.