ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ დაასრულა, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 78 236.8 ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 83 982.9 ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1.
აუდიტის ცნობით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, საკანალიზაციო ქსელის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
ამასთან, როგორც აუდიტი წერს, გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, მუნიციპალიტეტს 2019-2020 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები, კერძოდ:
“2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 7 615.3 ლარი. მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილის – 7 611.2 ლარის გამოყენება. 2019 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) შეადგინა 1 945.5 ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა 5 669.8 ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2 845.2 ლარი – სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 2 824.6 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია.
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2019 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილის − 5 599.7 ლარის გამოყენება. 2020 წელს ნაშთი შემცირდა და ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) 3 800.6 ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 1 869.2 ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 1 475.6 ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 393 600 ლარი – თავისუფალი ნაშთი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ფულადი ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.