საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოს განვითარების გეგმა ბიზნესსა და საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წყალტუბოს აღდგენის პროცესში ყოფილი პრემიერის და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა და განაცხადა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო წყალტუბოს კურორტის სრულყოფილად და სრულად აღდგენა და ამაზე სამთავრობო გუნდი ერთსულოვნად, მაღალი დონის კოორდინაციით მუშაობს“.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კურორტი სწორად განვითარდა, შესაძლოა, ის UNESCO-ს სპა-ქალაქების სიაშიც მოხვდეს.
„ეს უნიკალური კურორტი პირველ რიგში სამკურნალო წყლებით, გამორჩეული ბუნებით გამოირჩევა. ის ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. ეს არის თერმული, გაზური და რადიაქტიული წყლები, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. ეს უნიკალური თვისებების წყალია, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.
ეს არის კურორტი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში ფუნქციონირებდა და გვაქვს სრული პოტენციალი, რომ ოთხივე სეზონი წყალტუბოს ცხოვრებაში წარმატებით დავაბრუნოთ.
თუ სწორად მოვახდენთ ამ კურორტის განვითარებას, წყალტუბო UNESCO-ს დიდი სპა-ქალაქების გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს, ისეთები როგორიც არის ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, მონტეკატინი ტერმე“, – განაცხადა დავითაშვილმა.