წყალტუბოს მერისთვის ნაჩუქარი მიწები და სახლი, რომელთა მონაცემები დეკლარაციებში განსხვავებულია  –  გენადი ბალანჩივაძის ქონება  

1345

შემდეგი სტატია

ავტორი: რუსა მაჩაიძე

წყალტუბოს მერი “ქართული ოცნებიდან” გენადი ბალანჩივაძე ამ პოსტს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, მას დეკლარაცია არ შეუვსია, 2014-2018 წლებში კი ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო და შესაბამისად, ამ პერიოდში დეკლარაციებიც აქვს შევსებული.

ბოლო დეკლარაციის თანახმად, გენადი ბალანჩივაძე მხოლოდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. 2014-2018 წლების დეკლარაციებით კი, მასთან ერთად მისი ორი შვილიც ცხოვრობდა, რომლებიც 1993 და 1997 წლებში არიან დაბადებული.

2022 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, წყალტუბოს მერი 100%-ით ფლობს 3 მიწის ნაკვეთს, რომელთაგან 2 სოფელ გუმბრაში მდებარეობს, 1  კი – სოფელ ბანოჯაში და ასევე სოფელ ბანოჯაში მდებარე სახლს. სახლი მდებარეობს 2 520 კვ.მ მიწაზე და შედგება 2 შენობისგან, რომელთა საერთო ფართი 217.16 კვ.მ-ია. დეკლარაციის თანახმად, მას ეს სახლი 2012 წელს საჩუქრად მიუღია, მაგრამ ვისგან და რა ღირებულებისაა, მითითებული არ არის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ მონაცემების მქონე სახლი წინა დეკლარაციებში საერთოდ არ ფიქსირდება. თუმცა 2014-2018 წლებში შევსებულ ხუთივე დეკლარაციაში უწერია, რომ მისთვის 2000 წელს ვიღაცას უჩუქებია ამავე სოფელში მდებარე სახლი, რომლის ფართი 260 კვ.მ-ია. ბოლო დეკლარაციაში კი ეს სახლი აღარ ფიქსირდება და უცნობია, სად გაქრა წყალტუბოს მერის ეს ქონება.

სოფელ გუმბრაში მდებარე ორივე მიწის ნაკვეთი – 3 635 კვ.მ და  4 426 კვ.მ, ასევე 2012 წელს უჩუქებია მისთვის ვიღაცას. მჩუქებელი და საჩუქრის სავარაუდო ფასი არც ამ საჩუქრებზე არ არის მითითებული. წინა დეკლარაციებში არც ამ მიწებზე ფიქსირდება რამე, მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე 2012 წლის მერეა შევსებული. მესამე, 1 500 კვ.მ  ფართის მიწის ნაკვეთი კი, რომელიც სოფელ ბანოჯაში მდებარეობს, ვიღაცას  მისთვის 1999 წელს უჩუქებია. ამ მიწის მჩუქებელიც და ღირებულებაც უცნობია. ასევე არაფერია ნათქვამი არც ამ მიწაზე წინა დეკლარაციებში, მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს მერი ამ ქონებას 1999 წლიდან ფლობს. სამაგიეროდ, 2014-2018 წლების დეკლარაციებით ის ფლობდა 18 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ ბანოჯაში, რომელიც მისთვის ვიღაცას 1993 წელს უჩუქებია. დანარჩენი ნაჩუქარი ქონებების მსგავსად, მჩუქებელი და ფასი არც ამ ქონებაზე არ არის მითითებული და რაც მთავარია, ისეა გამქრალი ბოლო დეკლარაციაში, რომ არ ჩანს, ამ მიწას რა მოუვიდა. ამ წლების დეკლარაციებში არაფერია ნათქვამი ასევე მისი მეუღლის ქონებაზე. არადა, 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით,  წყალტუბოს მერის მეუღლეს 2012 წელს თბილისში, წერეთელზე მდებარე 16 კვ.მ ფართის ბინა 25 000 აშშ დოლარად უყიდია.

გენადი ბალანჩივაძეს, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს 50 000 აშშ დოლარად უყიდია 2018 წელს გამოშვებული TOYOTA 200 LAND CRUISER, რომლის 100%-იანი მფლობელიც დღემდე არის. ამ დროს ის უკვე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და როგორც ჩანს, შემოსავალიც აქედან ჰქონდა, რადგან ამ პერიოდში არანაირი კრედიტი არ უფიქსირდება.

2022 წლის დეკლარაციით, ის არის შპს “იმედი 2020”-ის დამფუძნებელი და შპს “ჰოლდინგური კომპანია ВРК”-ს გენერალური დირექტორი, რომელიც 2006 წელს არის დაარსებული, მაგრამ ამის შესახებ წინა, 2014-2018 წლების დეკლარაციებში არაფერი უწერია. სამაგიეროდ, 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში უწერია, რომ ის არის შპს “მარადისობა 2010”-ის პარტნიორი, საიდანაც წინა წელს შემოსავალი ჰქონია 6 000 ლარი. შპს “მარადისობა 2010”, მეწარმეთა რეესტრის თანახმად, დაფუძნებულია 2010 წელს სოფელ ბანოჯაში, გენადი ბალანჩივაძის, კობა გურეშიძის, დავით კოპალიანის და ვასილ ჭუმბურიძის მიერ. ამ კომპანიის 61%-ის მფლობელი იყო ბალანჩივაძე. 2013 წელს განხორციელებული ცვლილებით, მას 18.17%-იანი წილი დარჩა, 2014 წლიდან კი მას ამ კომპანიაში წილი აღარა აქვს. თუმცა, ეს წილი გააჩუქა თუ გაყიდა, უცნობია, რადგან დეკლარაციებში ამ კომპანიაზე საერთოდ აღარაფერია ნათქვამი და არ არის დაფიქსირებული შემოსავალი.

რაც შეეხება ბოლო დეკლარაციაში მითითებულ კომპანიებს, მეწარმეთა რეესტრის თანახმად, შპს “იმედი 2020” დააფუძნა თავად გენადი ბალანჩივაძემ 2019 წლის ივლისში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თავად იყო. 2019 წლის სექტემბერშივე შპს-ის 40%-ის მფლობელი გახდა ამირან ნარჩემაშვილი, 30%-ის – ვლადიმერ ნარჩემაშვილი, დანარჩენ 30%-ს კი ისევ თავად ფლობდა და დირექტორის პოსტიც შეინარჩუნა. 2022 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ “ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოს წილის გადაცემისთვის საჭირო პროცედურები”, თუმცა, რეესტრში დღემდე არანაირი ცვლილება არ ასახულა და 30%-ის მფლობელიც და დირექტორიც თავად არის. ამასთან, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, მას ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.

შპს “ჰოლდინგური კომპანია ВРК”, რომლის გენერალური დირექტორი დღემდე გენადი ბალანჩივაძეა, დაფუძნებულია 2006 წელს სოფელ ბანოჯაში და საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული აქვს “უალკოჰოლო, სამშენებლო მასალების მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია და ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ნებადართულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით”. ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილები ასე ნაწილდება: მოსკოვში რეგისტრირებული შპს “პრომვოდცენტრი” – 50%, შპს “დინოზავრი” – 25% (დაფუძნებულია ამ კომპანიის რეგისტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე) და მაგდანა გოგიბერიძე – 25%.  საინტერესო ის არის, რომ მას სამივე მეწილე საკუთარი ოჯახის წევრებად ჰყავს მითითებული დეკლარაციის იმ გრაფაში, სადაც ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იწერება.

გენადი ბალანჩივაძეს ბოლო დეკლარაციის შევსების დღეს “ლიბერთი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 3 042,21 ლარი. 2021 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლად დაფიქსირებული აქვს 2 739,34 ლარი – 2021 წლის 21 ნოემბრიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე და 4 380 ლარი – 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე პერიოდში შპს “გილას” დირექტორის პოსტზე.

დეკლარაციების თანახმად, წყალტუბოს მერი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ სხვა არანაირ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, არა აქვთ დანაზოგი და სესხები, არ მიუღიათ ფასიანი საჩუქარი და არ ჰქონიათ რაიმე ხარჯი. ყველა ეს გრაფა დეკლარაციაში ცარიელია.