რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, 17:00 საათისთვის რუსთავის 84 საარჩევნო უბანზე 23 317 ამომრჩეველია მისული, რაც 21,94%-ია. გარდაბანში კი 8 575 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც აქტივობის 25%-ია. ჯამში, 17:00 საათისთვის დაფიქსირებულია 31 892 ამომრჩეველი, რაც არის 22,78%.
მისივე ინფორმაციით, არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არც საუბნო და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი და განცხადება არ შესულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.
რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რუსთავის გარდა, საარჩევნო ოლქში, ასევე, შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილიც.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი საარჩევნო სუბიექტი – N34 – მამუკა ტუსკაძე, „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“; N41 – ირაკლი შატაკიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და N59 – კამალ მურადხანოვი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“.
რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული – N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე და N41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რამაზ ჯინჭარაძე.