რა პრობლემებია პრიორიტეტული ქალი ამომრჩევლებისთვის? ამ თემით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ და „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი“ დაინტერესდნენ და საქართველოს 10 რეგიონში 1000-ზე მეტი ქალი გამოჰკითხეს. კვლევიდან ირკვევა, რომ ყველაზე პრობლემური საკითხები ქალებისთვის საგზაო ინსფრასტრუქტურა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა, პარკებისა და სკვერების დასუფთავება-მოწესრიგება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და ნარჩენების მართვაა.
„საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ნაკლებ დროს უთმობენ ქალი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ცალკე კვლევას და მათზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლების უმრავლესობა (54%) ქალია, თუმცა როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.
„2014 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან ქალი ამომრჩეველი მხოლოდ 40% იყო. ქალების არჩევნებში და შემდეგ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ ქალ ამომრჩევლებზე, შეისწავლონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და შესთავაზონ ამ პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზები” – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: იმედინიუსი