დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის, რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.
„2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე, გარდაბნის ნაწილს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერის თქმით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 237 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.
„პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში.
ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება.
აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი“, – განაცხადა იოსელიანმა.
კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა ხმის მისაცემად თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
„07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება, ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
2 აპრილს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.
ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.