პარტია “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა საბა ოდიშარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ კანონის დარღვევით, კვორუმის გარეშე ჩაატარა სხდომა და შესაბამისად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, ოპოზიცია კვლავ გეგმავს სხდომის ჩატარებას და მორიგი ე.წ. გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, “ქართული ოცნების” მოთხოვნაა, სარჩელის განხილვამდე სასამართლომ საკრებულოს დროებით შეუჩეროს “კვორუმის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა”:
“მათ (ოპოზიციამ) კანონის უხეში დარღვევით მიიღეს არა მარტო ქართული სამართლისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისია. ასევე, აღიარეს ოპოზიციონერი წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვალს მიღებული ე.წ. ყველა გადაწყვეტილება…ჩვენ დღეს დილით მივმართეთ სასამართლოს, რომ სარჩელის განხილვამდე დაკმაყოფილდეს, დროებითი ღონისძიების სახით საკრებულოს ყველა ე.წ. გადაწყვეტილების შეჩერება.
მივმართავთ სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელოს ჩვენ განცხადებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო მოცემულობა და თავისი სამართლიანი გადაწყვეტილებით არ მისცეს საშუალება ოპოზიციურ ჯგუფებს, დაამკვიდრონ კანონდარღვევა პრაქტიკად”, – განაცხადა საბა ოდიშარიამ.
სენაკის საკრებულოში მორიგი სხდომა დღეს არის ჩანიშნული. “ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად მას არც ამჯერად დაესწრება.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან “ქართული ოცნების” 16, ენმ-ის 13 და “გახარია-საქართველოსთვის” 4 წევრია. ექსპრემიერის გუნდიდან საკრებულოს ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.
სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდების გამო არ ესწრება “ქართული ოცნება” საკრებულოს სხდომებს, ვინაიდან ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობით ოპოზიციის შემადგენლობა 16-დან 17-მდე იზრდება. ეს კი უმრავლესობას წარმოადგენს, რომელსაც უფლება ეძლევა სხდომები გახსნას და საკებულოს თანამდებობის პირები, მათ შორის თავმჯდომარე აირჩიოს.
9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ “ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე ცნო ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ამ ქმედებით “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გახარიას პარტიასთან ერთად “მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას სთავაზობენ”, რადგან სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი.