ჩხოროწყუს საკრებულოში დეპუტატებმა თავმჯდომარის მეორე მოდგილეც ოპოზიციიდან აირჩიეს – “ლელოს” წევრი კორნელი წურწუმია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ამის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიცია გარიგებაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღესვე საკრებულოს მესამე მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ, თუმცა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სხდომა გადადო.
მანამდე ჩხოროწყუს საკრებულოს ახალადარჩეული თავმჯდომარის, შოთა წურწუმიას მიერ პირველ მოადგილედ დასახელებული კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, რამაზ თოლორდავა ოპოზიციამ ასევე ერთხმად აირჩია. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.
ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.
მმართველი პარტია სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭიყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ არც კანდიდატურა დაუყენებიათ, რადგან თქვეს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უკვე შეთანხმებული იყო.
პარტია “ქართული ოცნება” გამოეხმაურა ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია ამბობდა, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობა” საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამდა წყალს.
ჩხოროწყუს საკრებულოში მომდევნო სხდომა 29 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.