ხაშურის მოქალაქეებისთვის კარგად ნაცნობი პედიატრი ნინო მესხიძე ხაშურის მაჟორიტარობისთვის ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სახელით იბრძოლებს. ნინო მესხიძე ხაშურის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული და მისი საქმიანობის სფერო, გარდა პროფესიულისა მრავალფეროვანია. ,,ხაშური ნიუსთან” მან საკუთარი მიზნის შესახებ ისაუბრა:
ნინო მესხიძე: ,,დავიბადე 1959 წელს, ხაშურში. 1976 წელს დავამთავრე მე-5 საშუალო სკოლა, 1985 წელს კი ლენინგრადის (ამჟამად პეტერბურგის) სამედიცინო პედიატრიული ინსტიტუტი. ვმუშაობდი სასწრაფოში, ოსიაურის სამხედრო ნაწილში, შემდეგ მქონდა მცირე კერძო ბიზნესი, ვმუშაობდი მაღაზიაში, ახლა მაქვს კერძო სამედიცინო პრაქტიკა. ყველასთვის ცნობილია, რომ აქტიური ადამიანი ვარ, აჩებნებამდე ცოტა ხნით ადრე ,,პატრიოტთა ალიანსიდან” შემომთავაზეს ხაშურის მაჟორიტარად მეყარა კენჭი და მეც დავთანხმდი. კენჭს ვიყრი მე-7, მე-8, მე-9, მე-11, 45-ე და 46-ე უბნებზე.
საზოგადოებას ვპირდები ჩემი ამომრჩევლის მაქსიმალურად ჩართულობას საკრებულოს საქმიანობაში და ქალაქის ცხოვრებაში, ქალაქის კონცეფციის შემუშავებას – თუ ტურიზმის განვითარება გვინდა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, თავისთავად ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებას, ქალაქის ბიუჯეტის ყაირათიანად და აზრიანად ხარჯვას, დანარჩენს კი საქმე გვიჩვენებს”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: ხაშურინიუსი