თქვენი ხარჯები არ მთავრდება იმიტომ, რომ არ ძღება იმ ადამიანების კუჭი, ვინც არჩევნებზე ხმა უნდა მოგცეთ. ეს არის თქვენი მთავარი პრობლემა, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “გირჩი-მეტი თავისუფლების” წარმომადგენელმა, ცოტნე კობერიძემ საკრებულოში უმრავლესობის წევრებს. მან ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
“კორონავირუსია. ყველას შეუმცირდა შემოსავალი და მაინც და მაინც საარჩევნო წელს, საარჩევნო წლის შემდეგ გაუზარდეთ ამ ადამიანებს ხელფასი. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, როცა 87 მილიონს ხარჯავთ ამაში. როდესაც 50 მილიონს ხარჯავთ კულტურაში და სპორტში, როცა გგონიათ, რომ ეს არის მერიის საქმე. როდესაც ეს სპორტსმენებიც და კულტურის წარმომადგენლებიც ბიუროკრატებად იქცევიან, წინასაარჩევნოდ მერე გამოდიან ხოლმე და თქვენს რეკლამებში მხარს გიჭერენ, ხალხს თქვენთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. თქვენ გაზრდილი ბიუჯეტი საამაყო გგონიათ, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ პირიქით, ეს არის ხალხის ფული”, – განაცხადა კობერიძემ.