გიორგი ტყემალაძე: ჩვენი მიზანი არ არის ტარიფის გაძვირება, ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო აქტიური მომხმარებელი გავხადოთ

392

“ჩვენი მიზანი არ არის ტარიფის გაძვირება, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო აქტიური მომხმარებელი გავხადოთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ახალი სააბონემენტე სისტემის შემოღება სწორი გადაწყვეტილება იქნება და ის გაამართლებს.

„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ბიუჯეტს, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი ნიშნულით არის განსაზღვრული, მილიარდ 305 მილიონი ლარით. ეს არის კიდევ უფრო გაზრდილი, კიდევ უფრო მეტი სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტი. ვფიქრობ, მაქსიმალურად არის დაბალანსებული ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც განსაზღვრული იყო. რაც შეეხება ტარიფებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემოგვაქვს ახალი სააბონენტო სისტემა. თუ რომელიმე მოქალაქე ისარგებლებს ერთჯერადი ბილეთით, მათთვის შეიძლება იყოს, რომ ტარიფი გაძვირდა, მაგრამ სააბონენტო სისტემის მთელი სიკეთე რაში მდგომარეობს – თითოეულ აქტიურ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, ტარიფი არათუ გაიზარდოს, არამედ გაიაფდეს. რაც უფრო აქტიური იქნება მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობით, მით უფრო ნაკლები იქნება ტრანსპორტის ფასი”,-განაცხადა ტყემალაძემ.