ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამასთან, მათ წინასაახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.
„წინასაახალწლოდ, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს. წელს საახალწლო ნობათი 165-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე, პანდემიის პირობებში კი ვფიქრობ, რომ მსგავსი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება.