ღია მმართველობის პრაქტიკის თავისებურებანი ადგილობრივ დონეზე საქართველოში

1442

ავტორი: ლაშა გოგიძე

ღია მმართველობა სახელმწიფოსა და საზოგადოების, როგორც ტრადიციულად მართვის სუბიექტისა და მართვის ობიექტის ვერტიკალური ურთიერთქმედებისგან (მმართველი და
მართული) განსხვავებულ ურთიერთქმედებას წარმოადგენს. ღია მმართველობა გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების, როგორც თანასწორი სუბიექტების, ჰორიზონტალურ ურთიერთქმედებას, ანუ ერთობლივ მმართველობასა და პარტნიორობას. იგი ასევე უკავშირდება “ქვემოდან ზემოთ” მმართველობასა და საჯარო პოლიტიკის პროცესებში გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივების გათვალისწინებით. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად
და სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ნდობის გასაძლიერებლად.

ღია მმართველობის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის სახელმწიფოსთან პირველადი, პირდაპირი და რეგულარული კავშირის წყაროს წარმოადგენს, უშუალოდ არის პასუხისმგებელი მოქალაქეთა ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებაზე და მეტი შესაძლებლობა აქვს დანერგოს მონაწილეობის მრავალფეროვანი მექანიზმები.

თუმცა აღნიშნული კონცეფციის პრაქტიკაში რეალიზებას განსაკუთრებული სირთულეები ახლავს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სადაც ბრძანებაზე დამყარებული “ზემოდან ქვემოთ” მმართველობა წლების მანძილზე დომინირებდა ამ ქვეყნების მმართველობის სისტემებსა და სამოქალაქო კულტურაში. შესაბამისად, მათ დღესაც უჭირთ “ქვემოდან ზემოთ” მმართველობის მოდელზე გადასვლა და დეცენტრალიზაციისა და ღია მმართველობის რეფორმების სრულყოფილად განხორციელება. წინამდებარე ნაშრომში ეს სირთულეები საქართველოს მაგალითზე არის
განხილული. გამოვლენილი მიგნებების მიხედვით შემუშავებულია მრავალდონიანი, მულტისექტორული თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომლის დანერგვაც საქართველოს გარდა სხვა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება.

ნაშრომის შესავალში განხილულია კვლევის აქტუალობა, სიახლე, მიზნები, მეთოდოლოგია და თეორიულ-პრაქტიკული მნიშვნელობა. ასევე ჩამოყალიბებულია კვლევის საკვანძო საკითხები.

ლიტერატურულ მიმოხილვაში წარმოდგენილია დემოკრატიის, ღია მმართველობისა და თვითმმართველობის ყველა ის ძირითადი თეორია, კონცეფცია, პრინციპი და მოდელი, რომელსაც
ეს ნაშრომი ეყრდნობა. გაანალიზებულია ამ თეორიული ჩარჩოს ნაკლოვანებები და წარმოდგენილია, თუ როგორ ავსებს ეს ნაშრომი აღნიშნულ ნაკლოვანებებს.

ნაშრომის პირველ თავში “ღია მმართველობა და დეცენტრალიზაცია – საქართველოს კონტექსტი” ჩამოყალიბებულია ღია მმართველობისა და დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები
და გაანალიზებულია საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივი კონტექსტი ამ პრინციპების დანერგვის კუთხით.

ნაშრომის მეორე თავში “ღია მმართველობის მიღწევები, სირთულეები და შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე საქართველოში – 7 მუნიციპალიტეტის ანალიზი” გაანალიზებულია
აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის, გორის, თელავისა და მარნეულის, ხოლო დასავლეთ საქართველოში _ ბათუმის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოციალური მდგომარეობა და ღია მმართველობის პრაქტიკები. რაოდენობრივ, სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, გაანალიზებულია უნიკალური თვისებრივი ინფორმაცია, რომელიც ნაშრომის ავტორს
შესაბამისი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიაწოდეს.

ნაშრომის მესამე თავი “საქართველოში ღია მმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების განხორციელების პერსპექტივები” წინა თავში მოცემულ უნიკალურ ინფორმაციას უფრო
ფართო ჭრილში განიხილავს. გაანალიზებულია ცენტრალური ხელისუფლების როლი მუნიციპალიტეტების დონეზე გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტაში და მის ხელთ არსებული შესაძლებლობები ღია მმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების სრულყოფილად განსახორციელებლად. ასევე ჩამოყალიბებულია ზოგადი რეკომენდაციები ამ მიმართულებით.

ნაშრომის მეოთხე თავი “მულტისექტორული თანამშრომლობის ახალი მოდელი და მისი მნიშვნელობა მრავალდონიანი ღია მმართველობის განვითარებისთვის”, ლიტერატურულ მიმოხილვაში მოცემულ თეორიებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით, წარმოადგენს ახალ მოდელს საქართველოში ღია მმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების სრულყოფილად განხორციელებასა და საჯარო მმართველობაში საზოგადოების გავლენის გასაზრდელად. ჩამოყალიბებულია აღნიშნული მოდელის პრაქტიკაში შემოწმების გზა და ის კომპლექსური ინსტიტუციური, სამართლებრივი და პრაქტიკული რეფორმები, რომელიც ამ მიზნით უნდა განხორციელდეს.

დასკვნაში შეჯამებულია ნაშრომში ჩატარებული თეორიული და ემპირიული კვლევა, გამოტანილია მიღებული ძირითადი შედეგები და ჩამოყალიბებულია ზოგადი რეკომენდაციები საჯარო მმართველობის ახალი მოდელის დასანერგად.

იხილეთ კვლევა სრულად.