ბოლნისის მერია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა

368

ქალაქ თბილისში საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) გამარჯვებული მუნიციპალიტეტები 8 ნომინაციაში გამოავლინა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვება ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამები საუკეთესოდ ორ ნომინაციაში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, „ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროექტი „Sars-Cov 2 ვირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე” ნომინაციაში „COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა“ საუკეთესოდ დაასახელა. ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით პირველი დარეგისტრირდა იმუნიზაციის მიმწოდებელ დაწესებულებად და ცენტრის ბაზაზე შექმნა სამი მობილური ბრიგადა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას უზრუნველყოფს.

ამასთან, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი პროექტი „სათემო ცენტრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მხარდასაჭერად“, NALAG-მ ნომინაციაში „ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა“ გამოარჩია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 6 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სოფლებში, სათემო ცენტრები გახსნა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის ჯილდოები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გადასცა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის – ,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით ახორციელებს.

„დღეს მართლაც ამაყი მერი ვარ, რადგან ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზედიზედ მეოთხედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა. წელს კი ეს ჯილდო ერთდროულად ორ ნომინაციაში გადმოგვეცა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციამ ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტი „Sars-Cov 2 ვირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე” ნომინაციაში „COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა“ საუკეთესოდ დაასახელა. ნომინაციაში „ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა“ კი გამარჯვებულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი პროექტი „სათემო ცენტრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მხარდასაჭერად“ დასახელდა. პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოში პირველმა „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ცენტრმა შექმნა სამი მობილური ამცრელი ბრიგადა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებში ვაქცინაციის პროცესს ახორციელებს. ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა სახის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი და ვაქცინაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე ხორციელდება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გაძლიერებას. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, დოკუმენტის ფარგლებში კი ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 6 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სოფლებში, სათემო ცენტრები გახსნა. ცენტრებში ჩვენს ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება აქვთ. მინდა აღნიშნულ პროექტებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისა და საკუთარი საქმის ერთგულებისთვის. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას კი კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას, რომ ჩვენი პროგრამები საუკეთესოდ აღიარა, მიღებული ჯილდოები ჩვენთვის ერთგვარი მოტივაციაა სამომავლოდ, რომ მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და ეფექტური პროექტები შევიმუშავოთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.