საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ბათუმის წყალის“ 2022-2023 წლების საინვესტიციო გეგმა შეითანხმა.
სემეკის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 16,251,941 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ჩამდინარე წყლების დამუშავების ხარისხი. კომპანია სამუშაოებს განახორციელებს მილსადენებზე ავარიებისა და ქსელში სასმელი წყლის დანაკარგების შემცირების მიზნით.
შპს „ბათუმის წყალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში, უზრუნველყოფს ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას. კომპანია ექსპლუატაციას უწევს 650 კმ სიგრძის სასმელი წყლის ქსელს, წყალარინების 9 სატუმბ სადგურს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს, საწნევ-სამარაგო რეზერვუარებსა და წყალარინების გამწმენდ ნაგებობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.