„დაგეგმე შენი ბიუჯეტი” კახეთის სამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა

217

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი” კახეთის სამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

პროექტი მოქალაქეთა მიერ ინიციატივების წარდგენას და შემდეგ თავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამ იდეებისთვის ხმის მიცემას ითვალისწინებდა. ელექტრონული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული ინიციატივების განხორციელება 2022 წელს დაიგეგმა.

ეს სამი მუნიციპალიტეტია: დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და საგარეჯო.

დედოფლისწყაროში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დამკვიდრება USAID GGI მხარდაჭერით განხორციელდა. კერძოდ, USAID GGI პარტნიორ მუნიციპალიტეტს დაეხმარა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მარეგულირებელი ჩარჩოს მოწესრიგებაში, კონკურსის კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავებაში, ონლაინ პლატფორმის შექმნასა და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში.

პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში“ მოსახლეობის მიერ დედოფლისწყაროში 41 იდეა დარეგისტრირდა. დედოფლისწყაროს მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადაირჩა საპროექტო წინადადებები და კენჭისყრის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა. ელექტრონული კენჭისყრის შედეგად 1354 ხმა შევიდა, ხმების 20.5% სოფელ ზემო ქედში სპორტული სივრცის მოწყობამ მიიღო, ხოლო ხმების 20.2% _სოფელ არბოშიკშის პროექტმა, რომელიც სპორტული ცენტრის შენობის სახურავის რეაბილიტაციას და ეზოში სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე პროექტის განხორციელება დედოფლისწყაროს 2022 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

ლაგოდეხსა და საგარეჯოში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. GIZ-ის ხელშეწყობით პარტნიორ მუნიციპალიტეტებში მომზადდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მარეგულირებელი ჩარჩო, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა და მუნიციპალიტეტის მერიას გაეწია დახმარება პროექტის თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში მოსახლეობის მიერ სულ 47 ინიციატივა იყო წარდგენილი და კენჭისყრის ეტაპზე 23 იდეა გადავიდა. ელექტრონულ კენჭისყრაში 1008 ხმა შევიდა და ამ ხმების 29,2% (294 ხმა) სოფელ ჭიაურში საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობის თაობაზე საპროექტო წინადადებამ მიიღო. გამარჯვებული იდეის დასაფინანსებლად საჭირო თანხა ლაგოდეხის 2022 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

საგარეჯოში სულ 42 ინიციატივა იყო დარეგისტრირებული და ხმის მიცემის ეტაპზე 27 გადავიდა. სულ კენჭისყრის შედეგად 1734 ხმა შევიდა. ხმების 38.1% ქ. საგარეჯოში N1 საბავშვო-ბაღის ეზოს მოწყობამ მიიღო. აღნიშნული პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.