მარნეულის თვითმმართველობა მერიის შენობისა და სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ დაცვის მომსახურებისათვის 2022 წელს 162 000 ლარს გადაიხდის

341

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის შენობისა და სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ დაცვის მომსახურებისათვის 2022 წელს 162 000 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მერიამ დაცვის მომსახურების გაწევისათვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გააფორმა.

,,დაცვა”-მ ცეცხსასროლი იარაღით უნდა დაიცვას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახგანადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და ,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე“. – აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმებაში

2022 წელს მერიის შენობისა და „კიდევაც დაიზრდებიან“-ის დასაცავად გამოყოფილი 162 000 ლარი ძირითადად დაცვის თანამშრომლების ანაზღაურებაში გაიხარჯება. დაცვის სამსახურში უფროსი ინსპექტორის პოზიციაზე ერთი პირი მუშაობს, რომელის ყოველთვიური ანაზღაურება 1 500 ლარია. რაც შეეხება უმცროს ინსპექტორებს, ამ პოზიციაზე სულ 12 პირია დასაქმებული, თითოეულის ანაზღაურება კი 1 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას ერთი თვის განმავლობაში დაცვის სამსახურის მომსახურება 13 500 ლარი უჯდება.