მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის დადგომასთან დაკავშირებით 24 შეჭირვებული ოჯახის არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საჩუქრები შეიძინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორმა ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, რომ საჩუქრებს ის ბენეფიციარები მიიღებენ, ვისთანაც მერიის სოციალური მუშაკი მუშაობდა. მისივე განმარტებით, სოციალური მუშაკი ძირითადად ბავშვებზე ძალადობისა და უგულებელყოფის თემებზე მუშაობს.
„უშუალოდ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით შემოსული ქეისებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ არასრულწლოვნებისთვის გადაგვეცა საახალწლოდ საჩუქრები. ბევრი ოჯახი და არასრულწლოვანი იყო, რომელსაც სათამაშორებიც კი არ ჰქონდათ და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“. – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა
2022 წლის დადგომასთან დაკავშირებით საახალწლო საჩუქრებს მერიისაგან ჯამში 70-მდე არასრულწლოვანი მიიღებს.
მარნეულის მერიამ საჩუქრების შესაძენად უკვე გააფორმა გამარტივებული შესყიდვა შ.პ.ს. “GIFT KING”-თან. რომელსაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 103 ლარი და 30 თეთრი გადაუხადა.