პირები, რომლებიც რუსთავის მერიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში არიან ჩართულები, ქალაქში არსებულ რიგ აფთიაქებში დამატებითი ფასდაკლებებით ისარგებლებენ

371

პირები, რომლებიც რუსთავის მერიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაში არიან ჩართულები, ქალაქში არსებულ რიგ აფთიაქებში დამატებითი ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ “ინფო რუსთავთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ორი კვირის წინ შევხვდით რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს, არ არის საკმარისი ჩვენთვის 200 ლარიც, გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვენს პენსიონერებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სერვისით. აფთიაქების ხელმძღვანელებთან გვქონდა თხოვნა, თუ შეიძლებოდა ფასდაკლებით ისარგებლონ ამ კატეგორიის ადამიანებმა და 200 ლარში თუ ხუთი მედიკამენტის შეძენას მოახერხებენ, ამ ფასდაკლებით შეიძლება ავიდეთ 6 ან 7-ზე. 200 ლარს კიდევ უფრო მეტი მსყიდველობითი უნარი ექნება. მიხარია, რომ გარკვეული სააფთიაქო ქსელები ამაზე დაგვთანხმდნენ. აუცილებლად უახლოეს მომავალში გვექნება მემორანდუმი და მემორანდუმის ფარგლებში ეს ჯგუფი, რომელიც სისტემატურად დამოკიდებულია წამლის მოხმარებაზე, კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სერვისს მიიღებს”,- განაცხადა ლაცაბიძემ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ სააფთიაქო ქსელებთან გააფორმებს რუსთავის მერია მემორანდუმს.