ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყებას გეგმავს

938

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ითხოვს დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მეშვეობით, “სამართლებრივად” მოხდეს “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყება,  – ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც გუშინ, სოხუმში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღეს.

გარდა ამისა ოპოზიციის მოთხოვნაა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ერთი წლით გადადება და “აფხაზეთის კონსტიტუციაში” შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების“ განხორციელების უფლება“.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს „პრემიერ-მინისტრის პოსტი“ და „მთავრობის“ წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.

21 დეკემბერს, სოხუმში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილებსა და “სამართალდამცავებს” შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა “პოლიციის” კორდინის გარღვევა და დფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, ისინი ძალის გამოყენებით დაშალეს.

საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციასა და ე.წ. პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ აქციის მოთხოვნები წაიკითხა. ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მოთხოვნაა, გადაყენების პროცედურის დასრულებამდე “პრეზიდენტს” ენერგეტიკის სფეროში, ასევე “სახელმწიფო” ქონების მართვის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდეს.

ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ოპოზიციის მხარდამჭერები უმოქმედობაში ადანაშაულებენ. თვლიან, რომ “ქვეყანა” ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში სწორედ მისი წყალობით იმყოფება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “პრეზიდენტს” არ აქვს აფხაზეთის განვითარების პროგრამა.