ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 23 მილიონი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, 13%-ით, ორი მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე. მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესენი არიან: დამგველი, მეეზოვე, მუშა, აგრონომი, ელექტრიკოსი, წყალკანალიზატორი, მძღოლი, ტრაქტორისტი, შემდუღებელი, დარაჯი, მრეცხავი.
„ეს არ არის საკმარისი ზრდა იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდის გეგმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების დაფინანსება, რომელსაც ჩვენს ქალაქში მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდები ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სამსახურების გაძლიერება. შესაბამისად, მომავალი წლიდან მოხდება ყველა აუცილებელი ტექნიკის შეძენა, რაც მოსახლეობის მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენი პრიორიტეტებია – განათლება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურა, სპორტი. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების შესაბამის ანაზღაურებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. მუდმივად ვიმუშავებთ სოციალური პროგრამების გაუმჯობესებასა და დაფინანსების ზრდაზე“, – აცხადებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.