ირაკლი ხმალაძე: მერია მზადაა დაიხარჯოს, რომ თბილისის ავტოსადგურები მოაწესრიგოს

379

მერია თბილისის ავტოსადგურების კონცეფციაზე მუშაობას იწყებს – ამის შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძე ამბობს, კონცეფციაზე მუშაობა იგეგმება ავტოსადგურების მესაკუთრეებთან ერთად, ისე როგორც ეს ელიავას ბაზრობის შემთხვევაში მოხდა.

კითხვაზე მოუწევთ თუ არა საკუთარი სახსრებით ავტოსადგურების მეპატრონეებს კონცეფციის მომზადება ხმალაძე აცხადებს, რომ ავტოსადგურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მსგავსად, რომლის კონცეფციაც თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გააკეთა, ავტოსადგურებთანაც იგივე მიდგომა იყოს.

“როცა მაგალითად ელიავას ბაზრობაზე დავიწყეთ მუშაობა, კომუნიკაცია გვქონდა მესაკუთრეებთან. ამის შემდეგ კი კონცეფციის შემუშავებაზე გამოვაცხადეთ ტენდერი. ამ შემთხვევაშიც ჩვენ კონცეპტუალური გეგმარების ნაწილში ვეხმარებით მათ. ეს არის მოდელი, როცა მუნიციპალიტეტი თავის და კერძო ინვესტორის ინტერესებს ათანხმებს ერთმანეთთან და ვდებთ განვითარების გეგმას, რომელსაც შემდგომში კერძო სექტორი განახორციელებს. ანალოგიური მიდგომა გვექნება ავტოსადგურებთან. დავამყარებთ კომუნიკაციას მესაკუთრეებთან, შევიმუშავებთ განვითარების ძირითად კონცეპტუალურ ხედვას, გამოვაცხადოთ ტენდერს და ავიყვანთ კომპანიას, რომელიც მოახდენს ამ ტერიტორიების გეგმარებას. ავტოსადგური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ობიექტია, სადაც არაერთი ადამიანი იყრის თავს დღის განმავლობაში. ამ ტერიტორიის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ინტერესში შედის, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მზადაა დაიხარჯოს, რომ ეს ტერიტორიები მოაწესრიგოს.”-აცხადებს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, ავტოსადგურების მოწესრიგების მცდელობა სახელმწიფოს უკვე წლებია აქვს. საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე საუბარი 2019 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. აქამდე როგორც ცნობილი იყო, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დასრულებული ჰქონდა, თუმცა ის პარლამენტში არ გადაგზავნილა, დღეს დოკუმენტი არც ფართო წრეებისთვისაა ხელმისაწვდომი. უწყებაში BM.GE-ის უცხადებენ, რომ დოკუმენტი რომელიც სამი წლის წინ მომზადდა, დღესაც შიდა განხილვებს გადის.