ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia -ს 2021 წლის გამარჯვებულები 20 ნომინაციაში გამოცხადდნენ. ერთ-ერთ, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის” ნომინაციაში გამარჯვებული სამეგრელოს წარმომადგენელი გახდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ჯილდო ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში მოწყობილ ეთნოსოფელ “სისატურას” ერგო. მისმა დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის ეს ჯილდო დიდი პასუხისმგებლობაა. მან ეთნოსოფლის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
რიგით მე-7 დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერით გაშუქდა.
Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.