რამდენი ლარი დაიხარჯება რუსთავის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნავად

259

“კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რუსთავში შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით ახალ წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა არ გვექნება ქალაქში”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსთავს ახალი წლის აღნიშვნა 183 000 ლარი დაუჯდება.

როგორც ლაცაბიძე აცხადებს, აღნიშნული თანხა 2021 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. მისივე თქმით, წინასაახხალწლოდ ქალაქში რამდენიმე სკვერი მოირთვება.

“კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რუსთავში შედარებით მოკრძალებულად შევხვდებით ახალ წელს. სურვილი, რა თქმა უნდა, გვაქვს კიდევ უფრო მეტი ღონისძიების, თუმცა რეალობა ესაა. ეს არ ნიშნავს, რომ საახალწლო განწყობა არ გვექნება ქალაქში. დაიწყეს სამსახურებმა მუშაობა იმისთვის, რომ ქუჩების მორთვა შევძლოთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რამდენიმე მისამართზე იქნება საახალწლო ღონისძიება, რაც ვფიქრობ, ძალიან დადებით და პოზიტიურ საახალწლო განწყობას შემოიტანს ჩვენს ქალაქში. მაგალითად, ახალგაზრდობის სკვერში, სადაც ახლა მიმდინარეობს სამუშაოები და ალამაზებენ სკვერს. ეს არის ახლადრეაბილიტირებული სივრცე, სადაც ახალი რუსთავის მცხოვრებლებისთვის იქნება ძალიან კარგი ადგილი საახალწლოდ. ასევე, გვექნება ლეონიძის პარკის მიმდებარედ ერთი ლოკაცია და ძველ რუსთავში, თეატრის უკან სკვერი მოირთვება ძალიან ლამაზად.

ბიუჯეტში არ დაგვიმატებია თანხები, ეს არის არსებული, 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები, რომელიც თავის დროზე იყო ჩადებული სწორედ იმისთვის, რომ საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილიყო. გარკვეული ინვენტარის შეძენა ამ თანხის ფარგლებში მოხდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯოს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ შიდა არსებული რესურსით, რომ საახალწლო განწყობა ჩვენს რუსთაველებს შევუქმნათ”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთავის მერმა დღეს ახალგაზრდობის სკვერში ახლადშეძენილი ნაძვის ხის აწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ახალი ნაძვის ხის შესაძენად, რომელიც სკვერში იქნება განთავსებული, 15 254 ლარი დაიხარჯა. რეკრეაციულ სივრცეში უკვე დგას ილუმინაციები და მიმდინარეობს სხვადასხვა დეკორაციული განათების მონტაჟი. სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს.

ახალგაზრდობის სკვერში მოეწყობა საახალწლო სოფელიც, 30 დეკემბერს კი რეკრეაციულ სივრცეში კონცერტი გაიმართება.