რამდენი კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდება მეგობრობის გამზირზე ახალ წლამდე

389
რუსთავის მერია

“ფანჯრების გამოცვლასთან დაკავშირებით გვიჭირს საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ზოგს ხმაურის, მტვრიანობის, სიცივის დისკომფორტი აქვს, ასეთ საკითხებზე გვაქვს მოლაპარაკება მოსახლეობასთან. შეიძლება დროში გაწელილი პროცესი იყოს და 1-2 თვე ამ მოლაპარაკებებმა წაიღოს”, – ამის შესახებ “ინფორუსთავს” მეგობრობის გამიზრზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, “საბა კონსტრაქშენის” დირექტორმა, ლევან თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დასასრულისკენ მიდის 12 კორპუსის რეაბილიტაცია.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს კარ-ფანჯრების გამოცვლა ფასადის მხრიდან, 10 კორპუსზე უკვე დასრულებულია ფასადების სამღებრო სამუშაოები, 2 კორპუსზე მიმდინარეობს. მეორე ეტაპი ახალი წლიდან დაიწყება, იუსტიციის სახლის მიმდებარედ და დაახლოებით, 18 კორპუსი დაემატება კიდევ”, – აცხადებს ლევან თარგამაძე.

მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 16 დეკემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია მასშტაბური პროექტია, რომელიც მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

“ეს არის სამუშაო შეხვედრა, სადაც ვათვალიერებთ, ხომ არ არის გარკვეული ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაც არის საჭირო. ძალიან მსხვილი პროექტია და სჭირდება ზედამხედველობა, აქტიური ჩართულება ყველა დონეზე. მუნიციპალიტეტი ვართ ყოველდღიურ დაკვირვებაში, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რომ არ გამოგვეპაროს რამე და პროექტი იყოს წარმატებით დასრულებული”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, მეგობრობის გამზირზე იცვლება ლიფტები და შესაძლოა, მოწესრიგდეს სადარბაზოებიც.

“რაც ყველაზე მთავარია, იმ კორპუსებში, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იცვლება ლიფტები, მონტაჟდება ევროპული სტილის ლიფტები და ეს არ იქნება მხოლოდ ფასადის შეღებვა ან დათბუნება, რომელიც ასევე ძალინ მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ უფრო კომპლექსურად მივუდგეთ. ასევე, დავავალეთ შესაბამის სამსახურს, რომ სადარბაზოს მოწესრიგებაც დავიწყოთ მოსახლეობასთან ერთად. ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება და სრულად შევძლებთ უკვე ამ უბნის გალამაზებას და მოსახლეობა იგრძნობს იმას, რომ საერთოდ ახალ გარემოში მოუწევთ ცხოვრება”, – აცხადებს რუსთავის მერი.

ინფორმაციისთვის, მეგობრობის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე 5 თვეა მიმდინარეობს და 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება და 20 000 000 ლარის ღირებულებისაა.