ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 11 797 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შემოსულობები 10 318,1 ათასი ლარით, ხოლო ხარჯები 11 797,0 ათასი ლარით დაიგეგმა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
დღეს, 16 დეკემბერს, ხარაგაულის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა პირად კეთილდღეობასა კომფორტზეა გამიზნული და მოსახლეობის ხმა არსად ჩანს.
„მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება; მანქანების მოვლა-შენახვის, საწვავის ხარჯები მატულობს; მომავალ წელს თვითმმართცველობა ორ ავტომანქანას ყიდულობს. მოსახლეობა კი ამ ბიუჯეტიდან მინიმალურ სარგებელს იღებს.
იცით, თუ არა, რა დღეშია ხალხი, ყოველდღიურად პურის ყიდვაც აღარ შეუძლიათ, რაში უნდა აიღოთ მომატებული ხელფასები“, – იკითხა დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, უსამართლოა, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიგეგმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ხოლო 4 მილიონი ლარი საკრებულოსა და მერიის ხელფასებსა და ხარჯებზე.
მან ყურადღება ხარაგაულის სოფლებში უხარისხოდ დაგებულ გზებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება, რადგან ხარვეზიანი გზები, ამ ჯგუფის მიერ, კეთილმოწყობილადაა მიჩნეული.
ამის მაგალითად თორნიკე ავალიშვილმა უბისიდან ღორეშის მიმართულებით მიმავალი გზა, ფარცხნალის ცენტრალური გზა, კიცხში ავალიშვილების საუბნო გზა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი მშენებელ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაშია.
„კარგი არ არის, რომ ბევრ ადამიანს სოციალური დახმარება სჭირდება, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილმა, – თუმცა მათთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
2022 წლის ბიუჯეტში ყველა დარგის დაფინანსება გაზრდილია, შარშანდელთან შედარებით. თუმცა, არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა“.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლების მიმართ, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად იმუშავეს, მერიამ სამართალწარმოება დაიწყო.
„ჰაერზე მოლაპარაკე“ და „ცირკაჩი“ უწოდა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა თორნიკე ავალიშვილის გამოსვლას და მისგან წარმოთქმულ ბრალდებებზე დასაბუთება მოითხოვა.
„დოკუმენტურად დაგიდებ ყველაფერს“, – ამ სიტყვების შემდეგ თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდომა დატოვა.
2022 წლის ბიუჯეტისთვის ხმა „ნაცმოძრაობის,“ „ლელოსა“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს არ მიუციათ.
დეპუტატების – თამაზ ლომიძის, კობა გოგსაძისა და ომარ გაგოშიძის თქმით, ხარაგაულის ბიუჯეტი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს არ ასახავს.
16 დეკემბრის სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი 47 პროექტი მოიწონეს, მხარი დაუჭირეს მერიასა და საკრებულოში ხელფასების გაზრდას, ცვლილებას სოციალურ პროგრამაში,
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის 2021 წლის მუშაობის ანგარიში დადებითად შეფასეს.