ახალციხეში, რუსთაველის №124-ში ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შპს „არალის“ მშენებლების თქმით, ყველა შენობის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მშენებლობისთვის, ხელშეკრულება 2 661 158 ლარზე, შპს „არალთან“ გაფორმდა. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობის აშენებას და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოპირკეთების, ატრაქციონებისა და სარეკრეაციო ზონის მოსაწყობი სამუშაოები.
რუსთაველის №124-ში, ორსართულიან და სამსართულიან შენობებში ახალგაზრდული ცენტრები განთავსდება. აქ ახალგაზრდებისთვის მოეწყობა თავშეყრის სივრცეები და იფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები.
ორსართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, შენობის რეაბილიტაციისთვის 395 394 ლარი იყო განსაზღვრული.
ამავე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციაც. მშენებლების თქმით, კომპლექსი შესაღებად არის მზად, თითქმის დამთავრებულია. პროექტის განსახორციელებლად ტენდერი 1 385 540 ლარზე იყო გამოცხადებული.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად ეწყობა შენობა, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზები და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.
რუსთაველის ქუჩა №124-ში, კულტურის სახლის (ყოფილი კლუბის შენობა) აღდგენა-რეაბილიტაციაც დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, მშენებლების თქმით, პროექტი კორექტირებას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა სცენა და დარბაზი 300 მაყურებელზე, დამონტაჟდება შესაბამისი მოწყობილობები კინო ჩვენებისათვის. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 394 587 ლარია.
ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასევე დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები.
ამავე ტერიტორიაზე სპორტული და დასასვენებელი მოედნების მოსაწყობად ტენდერი 854 171 ლარზე გამოცხადდა. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.
რუსთაველის N124 – ის მიმდებარედ, ყოფილ სამხედრო დასახლებას, რომელიც მთლიანობაში 20 ჰექტრამდე ფართს მოიცავს, წლებია უფუნქციოდაა. 2018 წლამდე ტერიტორია შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა. 2019 წელს კი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის დახმარებით, ახალციხის მერიას გადაეცა. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ახალციხის მერიაში 2015 წლიდან საუბრობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ტერიტორიის ხელახალი განაშენიანება ვერ მოხერხდა. 2018 წელს, შვიდწლიანი მოთხოვნის შემდეგ ტერიტორიის ნაწილი მერიას საკუთრებაში გადაეცა.