ახალციხის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

522

16 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვისას დამსწრეებმა მერს და საკრებულოს წევრებს საკუთარი ინიციატივები და შენიშვნები გააცნეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გაიჟღერა მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართავი და მოუწესრიგებელი სისტემის შესახებ. ამ საკითხზე კითხვით მერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კოორდინატორმა სამცხე–ჯავახეთში, თამუნა უჩიძემ მიმართა. ორგანიზაციამ პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში მიმდინარე წელს პეტიციაც შეიტანა: „ძალიან ბევრი წელია, ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა დგას. ეს პრობლემა არ აღმოუჩენია არც (მხოლოდ) თამუნა უჩიძეს და არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“. ბევრი წელია ეს ბევრ მოქალაქეს აწუხებს“, – განმარტა მან.

თამუნა უჩიძე დაინტერესდა თუ იგეგმება უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ჩამოყალიბება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და იმისთვის, რომ ხარჯები ეფექტურად გაიწეროს და მისაღები სატარნსპორტო ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს, საჭიროა მუშაობა და ფონდების მოძიება, რაც გარკვეულწილად დაწყებულია.

„მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სატრანსპორტო ორგანიზაციის არსებობა. სოფელში შესაძლოა ყველა სერვისი ვერ ავიტანოთ, დასაქმება ძირითადად არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. საჭიროა, რომ  სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ჩამოვიდნენ და იყვნენ ქალაქში სპორტულ, კულტურული თუ სხვა სფეროში  ჩართული და აუცილებელია ტრანსპორტის არსებობა. მრავალმილიონიანი პროექტი შესაძლოა იყოს და ეს უნდა იყოს ზუსტად გაწერილი, 95%–იანი სიზუსტით, თუ რა გვინდა. რა მარშრუტებით უნდა იაროს, რა გრაფიკით, რა ტიპის ტრანსპორტი იქნება და ა.შ. თავდაპირველად უნდა დავიწყოთ იმ ბიზნეს გეგმის შემუშავება, სადაც იქნებიან სატრანსპორტო პოლიტიკაში კარგად გაცნობიერებული სპეციალისტები, ვინც დაგვეხმარება და ამ ბიზნეს გეგმას დაგვაწერინებს რა გვჭირდება, რამდენი და რატომ. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა დავიწყოთ პროექტზე მუშაობა და შეძენა ტრანსპორტის“, – თქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა.

ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, მხოლოდ ახალციხის საქალაქო ტრანსპორტის შექმნა არ იქნება ეფექტური და საჭიროა საკითხის მუნიციპალურ დონეზე განვითარება.

„მარტო საქალაქო ტრანსპორტი კარგია, მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ მისი სოციალურ–ეკონომიკური ეფექტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უნდა იყოს მუნიციპალური მასშტაბით. იანვარი–თებერვალი–მარტის თვეში, თუ ჩვენ ვერ მოვიძიეთ დონორი, უკვე საკრებულოს ვთხოვ, რომ ამაში ჩვენ დავხარჯოთ თანხა და ბიზნეს გეგმის დაწერა დავიწყოთ“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გასული წლების მსგავსად, ახალციხეში მგზავრთა გადაყვანის პროგრამისთვის გათვალისწინებული სუბსიდია კვლავ 22 ათასი ლარი იქნება. თამუნა უჩიძის კითხვა ეხებოდა ასევე ბიუჯეტში გაწერილ 100 ათას ლარს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას ეხება.

„100 ათასი ლარია გაწერილი რელიგიური ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს მთელი თანხა, რაც მუხლში წერია ხოლმე, ხმარდება მართლმადიდებლურ ეკლესიას. გასულ წლებში იყო შემთხვევა, როდესაც სინაგოგიდან იყო მომართვა და მახსოვს, რომ ძალიან მცირე თანხას ითხოვდა ეს კაცი და არ მიეცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება“, – თქვა მან.

„მხარდაჭერა რომ გამოეცხადოს სხვა კონფესიებს, ამაში საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

განხილვას სხვა არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, ქალაქის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირების მიზნით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაბამისი კომპონენტის გათვალისწინებაც. აღნიშნულზე მან გააჟღერა ინიციატივა, რომ ახალციხის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში გათვალისწინებული იქნას ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ადაპტირებული საქანელის მოწყობა. ასევე ხაზი გაესვა ქალაქისთვის მწვანე სივრცეების შექმნის საკითხსაც. ერთ–ერთი ასეთი სავარაუდო ლოკაციად, ცირა მესხიშვილმა, რაბათის ტყის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა. მისივე თქმით, ეს ტერიტორია დაბინძურებულია და გაწმენდასაც საჭიროებს.

„საღამოობით ახალციხელები გავდივართ ურავლის ხეობაში. ვეღარ მიუდგები ვერაფერს ურავლის ხეობაში. ყველაფერი გაყიდულია და თუ ფული არ გადაიხადე ვერ დაჯდები და ვერ დაისვენებ. ხომ შეიძლება რაბათის ტყეში ან ბილიკი მოეწყოს ან განათება. ჩვენც წავალთ, დავასუფთავებთ. უზარმაზარი, არაჩვეულებრივი ტყეა. გამოვიყენოთ ასეთი რეკრეაციული ზონები. პატარა თანხები უნდა ამას. დასუფთავების სამსახური ყველგან ვერ უდგება და ვერ შედის და დავასუფთავოთ ერთხელ. სისუფთავის ზონად გამოვაცხადოთ ეს ადგილი“, – მიმართა ცირა მესხიშვილმა ახალციხის მერს.

მერმა დააანონსა, რომ იგეგმება ახალციხეში მდებარე ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია:

„საუბარია ჩვენი სტადიონის სრულ რეაბილიტაციაზე. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს პროექტი უკვე იქნება და წლის ბოლოსთვის ველოდებით, რომ სამუშაოებიც დაიწყოს“.

ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ახალციხეს აქვს რესურსი, რომ მწვანე რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას: „ქალაქს მართლაც აქვს მწვანე სივრცეები და რესურსი, რომელიც შესაძლოა იყოს გამოყენებული პარკებად და სკვერებად. ესეთია რაბათში და სომხურ სასაფლაოსთან, რომელიც შესაძლებელია ეტაპობრივად განვავითაროთ“.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ახალციხის საპატიო მოქალაქემ, ვასილ კვინცხაძემ შესთავაზა დამსწრეებს, რომ შექმნილიყო/დაფინასნებულიყო მუნიციპალური სახელოვნებო წრე (მომღერალთა გუნდი ან ქორეოგრაფიული ანსამბლი).

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ქალაქის განსავითარებლად გენგეგმის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რადგან მისი თქმით, ქალაქში მომრავლებულია დარღვევეით მიმდინარე მშენებლობები, რომელიც უკონტროლოა.

„ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა მანახეთ ან დაიწყეთ მაინც, ან უბრალოდ გავარკვიოთ ბოლო–ბოლო ქალაქი რა ტერიტორიას მოიცავს. რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ის იმ პრინციპით არ წავიდა, რაც ქალაქის მომავალ პერსპექტივაზეც იქნება საუბარი ფასი არ აქვს. მაგალითად, რუსთვალის ქუჩაზე შესანიშნავად გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ერთი შენობა გადმოვიდა პირდაპირ ქუჩაზე. არ ვიცი რა პრიორიტეტით, ვისი უმეთვალყურეობით… ტროტუარი არი 50 სანტიმეტრზე ცოტა მეტი დატოვებული. დანარჩენზე, ნახევარ მეტრზე მეტი გადმოსულია კერძო ბინა. ასეთი მშენებლობები გვაქვს მთელს ქალაქში. აბსოლუტურად ყველა ქუჩაზე. ყველა ცდილობს ქალაქის ხარჯზე გადმონაცვლებას და ტერიტორიის მითვისებას“,– განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა განხილვის პროცესში მათგან ინიციატივები არ გაჟღერებულა. დამსწრეთა შორის იყო  პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ახალციხის საკრებულოში, მარინა აბულაძე.

„წარმოდგენილი იყო სტანდარტული ბიუჯეტი. დიდხნიანი ურთიერთობა მაკავშირებს თვითმმართველობასთან და ვიცნობ სტრუქტურას. გაწერილი იყო ყველა ხარჯი, რაც შედის თვითმმართველობის მოვალეობაში. მეც მქონდა წინადადება და ბატონმა ვლადიმერმა დამასწრო. 90–იანი წლებიდან ქალაქის გენერალური განვითარების ჩამოყალიბებაზეა საუბარი. მართლა კარგი იქნება, თუ ამას საკრებულო გაითვალისწინებს. დიდ ხარჯებთან არის  დაკავშირებული, მაგრამ დაიწყოს მაინც ეს პროცესი, რომ ეს ქაოტური განვითარება დამთავრდეს. რამდენადაც გადავხედე ბიუჯეტს, ძირითადად, სავარაუდოდ ხელფასებია გაზრდილი. მოგეხსენებათ ინფლაციაც არის და რა ქნას იმ საჯარო მოხელემაც, მაგრამ რა დოზით არის გაზრდილი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა აბულაძემ

ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის განცხადებით, განხილვისას როგორც მოსახლეობისგან, ისე არასამთავრობო სექტორისგან სხვადასხვა ინიციატივები და შენიშვნები მოისმინეს, რომელიც მომავალში გათვალისწინებული იქნება.

„ჩვენ გვინდა, რომ ვითანამშრომლოთ ახალციხის მოსახლეობასთან. აგრეთვე გვინდა და ჩაფიქრებული გვაქვს, რომ ანგარიშები ჩააბაროს როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე მერიამ და საკრებულოს ყველა წევრმა მოსახლეობას. ეს ფორმატები და ბევრ სასიკეთო რამ გვაქვს დაგეგმილი. აღნიშნული ბიუჯეტი, დღესდღეობით, ყველასათვის მისაღები შესაძლოა არ იყოს, მაგრამ მიახლოებულია იმ სინამდვილესთან, რომელიც მუნიციპალიტეტს სჭირდება. თუმცა, მუნიციპალიტეტის განვითარების მომენტში, შესაძლოა სახეცვლილებაც განიცადოს“,–თქვა ლომიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთში კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა დინამიკურად მიმდინარეობდა და დაისვა მრავალი საჭირბოროტო საკითხი.

„გასული წლებისგან განსხვავებით, ბიუჯეტის განხილვა შედგა მოქალაქეების მონაწილეობით. მხოლოდ ბიუჯეტების განხილვა არ უნდა ანონსდებოდეს. კანონი ითვალისწინებს, რომ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, მინიმუმ ერთი კვირით ადრე, დაგეგმილი სხდომის და განსახილველი საკითხების შესახებ“, – აღნიშნა მან.