ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოს სხდომის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, საკრებულოზე ორ საკითხს დააყენებენ, რომელიც თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობას გულისხმობს.
მათივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრებს პოზიციის დასაფიქსირებლად ბათუმის საკრებულოში იწვევენ. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ გახარია საქართველოსთვის ოფისში მოსალაპარაკებლად მისვლას არ გეგმავენ.
„დღეს ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს და თვითმმართველობაში დღეს კრიზისი გვაქვს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვიწვევთ საკრებულოს სხდომას და მივმართავთ საკრებულოს აპარატს, რათა დროულად მოხდეს საკრებულოს სხდომის ჩანიშვნა. საკრებულოს სხდომაზე ორ საკითხს დავასახელებთ, პირველი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და მეორე – ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობას მოვითხოვთ”, – აცხადებს ლაშა კილაბერია.
აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიის წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ბათუმის საკრებულოს წევრებს მოსალაპარაკებლად საკუთარი პარტიის ოფისის შესთავაზეს.