ქობულეთის საკრებულოს შენობაში მიმდინარე დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გაგრძელდა

740

წინა სტატია

ქობულეთის საკრებულოს შენობაში მიმდინარე დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის კაბინეტში გაგრძელდა.

ოპოზიციის წევრები განმარტებებს მოითხოვდნენ, თუ რატომ არ მიეცათ ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

მათ დავით მჭედლიშვილს მიმართეს, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი იყო.

საპასუხოდ, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი ე.წ. სისხლიან რეჟიმს წარმოადგენენ და ბიუროს სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, „ოპოზიციამ მორიგი სპექტაკლი დადგა“.

საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია.

“ბიუროს სხდომას აქვს თავისი დღის წესრიგი, აქვს თავისი რეგლამენტი. ჩვენ ყველასთვის ღია ვართ. უბრალოდ, არავის რეგისტრაცია არ გაუვლია. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბიუროს სხდომა იყოს ჩაკეტილი, მაგრამ არ გაუვლიათ რეგისტრაცია. შენობაში დეპუტატის და მსურველის არშემოშვება, არ არსებობს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. რეგისტრაცია დაიწყო ჩვეულებრივად დღის წესრიგით, ჩვეულებრივ დროს და ველოდებოდით ყველა მსურველს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ვერ გეტყვით, რატომ ტარდება აქცია. პოლიცია გამოიძახეს, ალბათ, აქციიდან გამომდინარე. არ ვარ საერთოდ საქმის კურსში, სად დგას პოლიცია.

გაუგებარი კითხვაა, არსად არ ვყოფილვარ სააკაშვილთან ერთად მივლინებაში. კოლეჯი „თალღა“ რომ გაიხსნა, მე ვიყავი დირექტორი. სად უნდა ვყოფილიყავი მივლინებაში?! მივლინება რაში სჭირდება კოლეჯის გახსნას?! „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ვყოფილვარ, ვიყავი საკრებულოს დეპუტატი, უპარტიო. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კოლეჯის დირექტორი ვიყავი და ქობულეთში ვცხოვრობდი. როგორც წარმატებული დირექტორი, ზვიად გამსახურდიას დროსაც ვიყავი. კომფორტი ყოველთვის მქონდა იმიტომ, რომ საქმე მიყვარს. ჩვენ ჩავატარეთ ბიუროს სხდომა სრული წესრიგის დაცვით. რა მოხდა ქუჩაში, რა მოხდა კარებში, მე ამას ვერ ვაკონტროლებ ბიუროს სხდომიდან”,- აცხადებს დავით მჭედლიშვილი.