კვორუმის ვერშეკრების გამო, ქუთაისში “ოცნებამ” საკრებულოდან გასული დეპუტატი უკან დააბრუნა

401

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ, დეპუტატი, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოდან გასვლის გამო კვორუმი ვერ იკრიბებოდა, უკან დააბრუნა.

ბექა მახარაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირველივე სხდომის შემდეგ დატოვა, განაცხადა, რომ საკრებულოს წევრობაზე უარს აღარ ამბობს. ასე უპასუხა მმართველმა გუნდმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც თვითმმართველობის შენობაში მივიდნენ, მაგრამ სხდომაზე არ შევიდნენ და პროცესის ჩაშლას ასე შეეცადნენ.

უმრავლესობა მომხდარს უპასუხისმგებლობას უწოდებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს პროცედურული ომია.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სხდომაზე არდასწრების გამო, ქვორუმი ვერ იკრიბებოდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკრებულოდან გასულმა ბექა მახარაძემ წარმომადგენლობით ორგანოში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა. სხდომა ამ წუთებში დაიწყო, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება.

ბაქარ მახარაძე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. საკრებულოში შესვლის შემდეგ მან მანდატზე უარი თქვა და ისევ მერიაში დაბრუნდა, თუმცა, დღეს, იმისთვის, რომ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში უმრავლესობამ სხდომების ჩატარება შეძლოს, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. “ქართულმა ოცნებამ” 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ – 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას – ორი.