ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
გარდა ამისა, მოვალეობის შემსრულებლად რჩებიან მისი მოადგილეებიც, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, პოსტებს მინისტრთან ერთად ტოვებენ.
საკითხზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რომელიც ამბობს, რომ გუნდი თავის მოვალეობას შეასრულებს.
„როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.
წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს.
ამასთან, გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას“, – თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.