წალენჯიხის საკრებულოს სხდომის გამართვა კიდევ ერთი კვირით გადაიდო

751

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით ისევ გადაიდო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დღეს საკრებულოს წევრებს უნდა აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და ფრაქციის თავმჯდომარეები, თუმცა სხდომა ქვირუმამდე არც მისულა და დაწყებისთანავე, პარტიების ერთობლივი შეთანხმებით შემდეგ გადაიდო.

სხდომის გადადების შესახებ განცხადების გაკეთება გახარიას პარტიამ საკუთარ თავზე აიღო და გადადების აუცილებლობის მიზეზი განმარტა. მათი მტკიცებით, ისინი კოალიციაში არცერთ პარტიასთან არ შედიან. მათივე განცხადებით, რადგანაც უმრავლესობით საკრებულოში არცერთი პარტია არ არის წარმოდგენილი, საჭიროა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კონსულტაციები პარტიებს შორის გაიმართოს. გახარიას პარტია აანონსებს, რომ შესაძლოა, მომდევნო სხდომაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი პარტიიდან წარადგინონ.

საკრებულოს მომდევნო სხდომაზე დააყენებენ თუ არა სხვა პარტიები თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას, უცნობია. მათ ამაზე საუბარი არ სურთ.

წალენჯიხის საკრებულოს დღევანდელ სხდომას 22 წევრი დაესწრო. 27 წევრიან საკრებულოში არცერთ პარტიას უმრავლესობა არ ჰყავს. „ქართულ ოცნებას“ 11 მანდატი აქვს, ამდენივე – „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის“ – 3, „ლელოს“ – 1, ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელიც გახარიას პარტიას რამდენიმე თვის წინ გამოეყო.

სხდომაზე ისმოდა ბრალდებები წალენჯიხის ახლადარჩეული მერის, გია ხარჩილავას მიმართაც. „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ბელქანიამ მოუწოდა მერს, თავი შეიკავოს „არაადეკვატური განცხადებებისგან“. განმარტა, რომ მერი ცალკეული ტელევიზიების პირდაპირ ეთერის საშუალებით უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. მან მოუწოდა გია ხარჩილავას, ჩაიხედოს კანონში და კარგად გაერკვეს ბიუჯეტში, რადგან მისი განცხადებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და ბიუჯეტთან დაკავშირებით რეალობასა ცდენილია.