ფაქტია, რომ პირდაპირ კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურსში ჩვენმა კანდიდატმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთია ის შეთავაზება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აკეთებს და მეორე საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან.
„დასრულდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებული იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია, ასევე, „ქართულ ოცნებას“ დასახელებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ჯუმბერ იზორია. მოგეხსენებათ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უმრავლესობა უჭირავს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, ჩვენ გვყავს 7 წარმომადგენელი ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ასევე, 7 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აქვს 12 მანდატი და იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატი არ ჰყავდა დაყენებული, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა აიღო 13 ხმა, ჩვენმა წარმომადგენელმა – 12 ხმა, ხოლო 1 ბიულეტენი აღმოჩნდა ბათილი, რასაც მეორე ტური მოჰყვა.
იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 12 ხმაზე მეტის მიღება არ შეეძლო, ფაქტია, რომ პირდაპირ კოლაბორაციონისტულ გარიგებაში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ და შედეგი დადგა ის რაც დადგა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურსში ჩვენმა კანდიდატმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს ერთადერთ რამეზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებობს რაღაც გარკვეული შეთანხმება და ამის ნათელი დადასტურებაა რუსთავის მუნიციპალიტეტის შემთხვევა და დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემთხვევა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არც რუსთავში და არც ჩხოროწყუში თავისი კანდიდატები დაყენებული არ ჰყავდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათმა ნაწილმა ჩვენს კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს. ერთია შეთავაზება, რასაც კონკრეტული ოპოზიციური პარტია აკეთებს და მეორეა საქმე, რომლითაც მტკიცდება, რომ რეალურად, ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდებულები არ არიან “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.