9 დეკემბერს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე, თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა. საკითხი განსახილველად საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ გამოტანა და თქვა, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირელ მოადგილის ხელფასი 3 700 ლარი, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის, 3 500 ლარი იქნება. შესაბამისად გამოდის, რომ ტარიელ მამედოვი ყოველთვიურად 3 700 ლარს აიღებს, როვშან ისკანდაროვი 3 500, ხოლო რიჩარდ გიგანიც 3 500. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„იცით თქვენ, რომ დაემატა პირველი მოადგილის შტატი და მისი ხელფასი განისაზღვრა. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა გაიზარდა იცით თქვენ და ამ წუთას, მუნიციპალიტეტში ფრაქციების თავმჯდომარეების 8 მოადგილეა. აქიდან 7 არის „ქართული ოცნების“, ერთი არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის და მათი ხელფასის განსაზღვარ მოხდა“
რაც შეეხება საკრებულოში არსებულ ფრაქციების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, ყოველთვიური ანაზღაურება 1 800 ლარი იქნება. ფრაქციები 3 დეკემბერს დაფუძნდა.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ბესიკ გელენიძე აირჩიეს, მას შვიდი მოადგილე ეყოლება. ომარ ირიშოვი, მაია გელაშვილი, ვანო ბურნაძე, ადილ გურბანოვი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, არსენ ახვერდიანი და ლევონ აკოპიანი.
რაც შეეხება ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარედ არჩეულია ლაშა ქველაძე, ხოლო მოადგილედ რამალ ახმედოვი.
მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების პროტესტის ფონზე დაიწყო.
სახელფასო ნუსხის დამტკიცების ფონზე, “ენმ”-ს წევრმა, ნარგიზა ალიევამ, პოსტერი “თავისუფლება მიშას” გაშალა და საკრებულოს მუშაობას პროტესტი გამოუცხადა.
“თავისუფლება მიშას” – სტიკერი ამ წარწერით, ალიევამ სხდომათა დარბაზის ცენტრში მჯდომ საკრებულოს თავმჯდომარის თავს ზევით, კედელზე მიაკრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა სტიკერი სწრაფადვე მოხსნა და ნარგიზა ალიევას ესროლა, ხოლო ამირან გიორგაძეს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე: რა ფუნქციებს შეასრულებენ მარნეულის საკრბეულოს გამრავლებული მოადგილეები