დმანისის საკრებულოს წევრს ენმ-დან პარტიის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან

601

წინა სტატია

დმანისის საკრებულოს წევრს ენმ-დან, რამიზ რამაზანოვს, პარტიის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ის გუშინ სკოლის შენობიდან გაურკვეველმა პირებმა წაიყვანეს და მას შემდეგ მასთან კონტაქტზე ვერ გადიან.

რამაზანოვი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია. მან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დმანისის მე-9 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა და საკრებულოს წევრი გახდა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ რამაზანოვზე ზეწოლა უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. “რამაზ რამაზანოვი, უკვე რამდენიმე დღეა, არ გამოდის კონტაქტზე. ამიტომ გუშინ სამსახურში მივაკითხე. როცა ვესაუბრებოდი, ჩემთვის უცნობი პირები მოვიდნენ, მოკიდეს ხელი და ტერიტორიიდან გაიყვანეს. არ ვიცი, სად წაიყვანეს. ის კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოსულა. როცა სამსახურში მივაკითხე, სკოლასთან სუს-ის მანქანა იდგა”, – ამბობს ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

რამაზანოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პარტიამ გუშინ გაავრცელა. ენმ-ს წევრები აცხადებდნენ, რომ ის, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს. მოგვიანებით რამაზანოვმა “იმედინიუსთან” კომენტარში თქვა, რომ ახლობელთან იყო სტუმრად და არავის გაუტაცია, თუმცა, “იმედინიუსის” გარდა, მასთან კონტაქტი ვერც პარტიის წევრებმა და ვერც სხვა მედიასაშუალებებმა ვერ შეძლეს.

დმანისის მუნიციპალიტეტში, არჩევნების შედეგებით, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა ვერ მოიპოვა. აქ ოპოზიციას და მმართველ პარტიას 15-15 წევრი ჰყავთ. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია, სადაც 3 დეკემბერს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რის შემდეგაც ცესკოს პირველი სხდომის ხელახლა ჩანიშვნა მოუწია. აქ საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ, 10 დეკემბერს, უნდა გაიმართოს.

3 დეკემბერს, როდესაც მთელს საქართველოში საკრებულოს პირველის სხდომები მიმდინარეობდა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თამვჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ წევრებს არ ენდო, საკრებულოს სხდომაზე არ გაუშვა და ისინი თბილისში, ფონიჭალაში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში გამოკეტა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამი პოლიტიკური პარტიის – “ქართული ოცნების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “პროგრესი და თავისუფლების” წევრებით, აგრეთვე, ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარით დაკომპექტდა. 3 დეკემბრის სხდომას არცერთი მათგანი არ ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რამიზ რამაზანოვი ბოლო დრომდე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის სკოლის დირექტორი იყო, თუმცა, ის ორი კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამაზანოვის პარტიის წევრები ამ ფაქტსაც მასზე ზეწოლად აფასებენ. ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამაზანოვის სკოლაში ბოლო პერიოდში აუდიტი ორჯერ ჩატარდა. პირველად ვერაფერი აღმოაჩინეს, მეორედ კი მცირე დარღვევები დაუდგინეს, რის გამოც მას ემუქრებოდნენ, რომ დაიჭერდნენ.