წალენჯიხა ერთადერთი ქალაქი გახდა, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ ფაქტის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან წალენჯიხის მიმართ ყურადღება და ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა.
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა BM.GE-სთან ტურიზმის გამოცოცხლებაზე საუბრობს. მისი თქმით, რაიონს ტურიზმის აღდგენის დიდი პოტენციალი გააჩნია და მათ შორის არის ტრანზიტული ტურიზმიც.
“თვითონ ხეობას აქვს ისტორიული დანიშნულება. სვანეთის გზა გადის ამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქალაქ ჯვარზე, რომელიც ტრანზიტული ტურიზმის შემადგენელი ნაწილია. ტრანზიტული ტურიზმი არის კიდევ ცალკე მიმართულება, შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ, როგორ და რატომ შეიძლება ტურისტი სვანეთში ასვლამდე ერთ ადგილზე გაჩერდეს და თანხის ნაწილი იმავე ადგილის შთაბეჭდილებებში დახარჯოს. ანუ, ეს მარშრუტიც ძალიან მნიშვნელოვანი და ასათვისებელია. ასევე არის ექსტრემალური ტურიზმი, ფოტო ტურიზმი, რითაც ეს ადგილები მდიდარია.
ის, რაც ახლა ხდება, დემოკრატიის ჰაბად იქცევა, რომელიც აქ გაააქტიურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, ანუ სიცოცხლეს შემოიტანს ამ რეგიონში და ამიტომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა გაკეთდეს”, – აცხადებს წალენჯიხის მერი.