რა საკადრო ცვლილებები გახორციელდა ჩოხატაურის მერიაში

525

ჩოხატაურში ახალი მერის მოსვლას მერიაში საკადრო ცვლილებები მოჰყვა.  ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

რა საკადრო ცვლილებები გახორციელდა ახალი მერის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ – მერიის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე აწერს, ნათქვამია:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდა შემდეგი საკადრო ცვლილებები:

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალი მერის უფლებამოსილების დაწყებისას უფლებამოსილება შეუწყდა მერის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს და მერის მოადგილეს, მინდია ჟღერიას.

აღნიშნულ თანამდებობებზე დაინიშნენ მაია კუტუბიძე – მერის პირველი მოადგილე და მინდია ჟღერია – მერის მოადგილე.

პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლომთათიძე.

მერის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა
ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს და მათ თანაშემწეებს.

საკადრო ცვლილება შეეხო შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: მერის წარმომადგენელი შეიცვალა კოხნარის, საჭამიასერის, დაბლაციხის, ბუკისციხის, ზემო სურების, ამაღლების, ქვენობნის და ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის წარმომადგენლის თანაშემწეები შეიცვალა:

დაბლაციხის, დიდი ვანის, ქვენობნის, ერკეთის, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულებში”.