სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს მონტიორებთან და მემანქანესთან სასამართლო დავა წააგო

326

პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო დავა მოუგო. საქმე ეხება კომპანიის ბრძანებებს, ავტობუსის მძღოლისა და თბილისის მეტროს ორი ელ.მონტიორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. პროფკავშირების ცნობით, საქალაქო სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

კერძოს, ა.ლ. და ი.ძ. მეტროს გვირაბში დღისა და ღამის ცვლებში ელ. მონტიორის მოვალეობებს ასრულებდნენ 25 და 18 წელი. მათი გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა შესასრულებელი სამუშაოს მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობას, თუმცა პროფკავშირების მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ ეს ასე არ იყო.

„გადაწყვეტილების განმარტებისას სასამართლომ განმარტა, რომ ამდენწლიანი მუშაობის პირობებში სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდა, დამსაქმებელს უნდა ეზრუნა დასაქმებულთა სოციალურ გარანტიებზეც და უნდა შეეთავაზებინა სხვა პოზიციაც (ისეთი პოზიცია, რომლის მიმართაც დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დამსაქმებელი შესაფერისად მიიჩნევდა). ე.ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს უნდა ამოეწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც თბილისის მეტროს არ უცდია“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, სასამართლომ თბილისის მეტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 3000-3000 ლარის ოდენობით, განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, აგრეთვე, გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მძიმე, მავნე, საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულების გამო მხარეთა შორის შეთანხმებული ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

„რაც შეეხება მეორე საქმეს – მოსარჩელე ვ.კ. 40 წელი მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში ყვითელი ავტობუსის მძღოლად. სავალდებულო სამედიცინო შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მან ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება. სატრანსპორტო კომპანიამ მაშინვე, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ვითომდა ობიექტური გარემოების გამო, გაუშვა სამსახურიდან, რასაც იმთავითვე არ დაეთანხმა მოსარჩელე, რადგან მისი შემოწმება იყო არაობიექტური, ხოლო სამედიცინო სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი და ფორმა 100-ში მითითებული კვლევები, რაც გახდა დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, საერთოდ არ ჩატარებია მოსარჩელეს. შესაბამისად დასკვნა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.