კალაძე: მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში“ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლე და გრძელვადიან პროექტებზე ვმუშაობთ

213

მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურის შესასვლელთან დღეს წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.   

„დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით – ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი გულისხმობს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთებას, რომელსაც „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზე ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.