კალაძე: კომპანია „მამისონმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო

297

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კომპანია „მამისონმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო.

ამასთან, კალაძის თქმით, კომპანია „მამისონს“ არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები აწარმოოს.

„რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ყველა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნულ კომპანიას როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმებული იყოს,“-განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „გოცირიძის“ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიღების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„გოცირიძის“ მეტროსადგურის სამუშაოები შესრულებულია. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცას არასწორი მიდგომები გვაქვს. რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება „გოცირიძის“ მეტროს რეაბილიტაციაზე, სხვადასხვა გარემოება გამოიკვეთა. ეს იყო ახლი ბაქნის მოწყობა, იმიტომ, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, ამის გამო გარკვეული დროის გადაწევა საჭირო გახდა. აქ, რა თქმა უნდა, კომპანიას ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ყველანაირი ვადები არასწორად იქნა გამოყენებული და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამუშაოები დროზე არ ჩაბარებულიყო. თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე მოგვიწია სამუშაოების გადაწევა. სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიღების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული კომპანიას არ აქვს რესურსი იმისა, რომ „ვარკეთილის“ მეტროსადგურის სამუშაოები დროულად განახორციელოს“,- აღნიშნა კალაძემ.

მერის განმარტებით, „კომპანია „მამისონს“ რომ არ ჰქონოდა გამოცდილება, ის აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდა.