საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ენმ-მ ზუგდიდში საკრებულოს სხდომა დატოვა

323

ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. ამის შესახებ თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის “სპეცოპერაცია” იყო და დღეს ეს ყველაფერი “აბსურდის სცენარია”.

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრი და პათოსი. ეს მათი არჩევანია. ამიტომ, ჩვენთვის ბუნდოვანია და ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება და კენჭისყრაში მონაწილეობა არის აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება აბსურდის სცენარი ჩვენი მხრიდანაც და ზოგადად საკრებულოშიც. მთელი საარჩევნო პერიოდში, ეს არ იყო საარჩევნო კამპანია, ეს იყო სპეცოპერცია, რომელიც იყო ზუგდიდელი ამომრჩევლის წინააღმდეგ და ეს ვიხილეთ როგორც პირველ ტურში, განსაკუთრებით მეორე ტურში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ლეგიტიმაციის შემდეგ დაგტოვოთ დარბაზში და იმუშაოთ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე”, – განმარტა თეიმურაზ ბასილაიამ.

სხდომის დატოვებისას მაია კალანდიამ მირანდა მესხს ქურდი უწოდა. თავის მხრივ, მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ ის ამ სიტყვებს ვერ მიიღებს.

“მე თან მაქვს წამოღებული ოქმები, კომისიის გადაწყვეტილებები. შეგიძლიათ ნახოთ, რომ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია”, – განმარტა მესხმა.

საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი “გახარია-საქართველოსთვის”.

მანამდე ოპოზიციამ უარი თქვა სამანდატო კომისიის წევრობაზე და ის მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, რომელმაც სხდომა ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცეს დეპუტატთან ერთად გახსნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელბორკილი გადასცეს და უთხრეს, რომ არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს.